ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეშფოთებას გამოხატავს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას დღეს, 18 მაისს გამოეხმაურა და ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად" მოიხსენია.
TDI-ის მიაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ თავის პოზიციაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის გამართლებასაც ცდილობს.
"უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ, ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის, პასუხისმგებლობა და როლი, დაგმოს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი პოზიცია და შეწყვიტოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაფასოს და დაგმოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აღნიშნული განცხადება".- წერს ორგანიზაცია.
დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება 16 მაისს დაიწყო, 17 მაისს კი უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა, იყო ფიზიკურ დაპირისპირებაც.
17 მაისის საღამოს, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ.
ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.